logo
ENG



დეგნანი გახელაძეზე: გულისმომკვლელია, როგორ იყენებს რუსეთი ადამიანის სიცოცხლეს

14 ივნ 202114:28
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმითი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში ჩავიდნენ. 

ადგილზე იყო ზაზა გახელაძის ოჯახიც. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გახელაძის ცოლი და დედა მის გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვენ. 

კელი დეგნანმა თქვა: 

"მოხარული ვარ, რომ მქონდა ზაზას ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა. ძალიან გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაფიოდ მსურს გამოვხატო აშშ-ის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ ის 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. 

მათ ირაკლი ღარიბაშვილს ვადა სწორედ 23 ივნისამდე მისცეს. ამ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

მისი ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, პრემიერმინისტრთან მათი შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. 

გახელაძეები ამბობენ, რომ სომეხი ტყვეების გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევა დასაფასებელია, თუმცა, ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზეც უნდა იზრუნოს. 

"პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს". - ამბობს ირმა ბუთხუზი

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა